English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ ინეზა გაგნიძემერაბ ხოხობაიავასია რობლეკინენად ნ. პეტროვიჩი
ტურიზმის კლასტერის ფორმირების გამოწვევები რაჭაში (საქართველო)

PDF ვერსიის სანახავად დააჭირეთ ბმულს

 

საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე - რაჭა, თანამედროვე პერიოდში მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. უპირველეს ყოვლისა, ესაა მოსახლეობის სიმცირე და ასაკობრივი დაბერება. ჩვენი აზრით, ტურიზმი არის ის მიმართულება, რომელიც ამ კუთხის ეკონომიკას სწრაფად გამოაცოცხლებს და მოსახლეობას საკუთარი მამა-პაპისეული ფუძისკენ  დაბრუნების სურვილს გაუღვივებს. ამის აღნიშვნის საფუძველს გვაძლევს ამ მცირე ტერიტორიისთვის დამახასიათებელი მაღალი ვერტიკალური ზონალობა - ზღვის დონიდან  500-4500 მეტრი, რაც ტურიზმის მრავალი სახეობის განვითარების საშუალებას იძლევა. 

ქვის ხანიდან დასახლებული, რაჭა, სადაც ეგვიპტელებსა და ფინიკიელებთან კავშირს ამ კუთხეში აღმოჩენილი სამაროვნებიდან აღებული არტეფაქტები ადასტურებს, შესაძლოა არქეოლოგებისა და ეთნოგრაფებისთვის ახალი აღმოჩენების კერა კვლავ გახდეს. კუთხე მდიდარია მინერალური და გოგირდოვანი წყლებით, ულამაზესი კარსტული მღვიმეებით,  მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით,  იშვიათიღვინის წარმოებისა და  გასტრონომიული ტურიზმის აღორძინების შესაძლებლობით და სხვა. რელიეფის მრავალფეროვნება სათავგადასავლო ტურიზმის მრავალი სახეობის განვითარების შესაძლებლობასაც იძლევა. ნაშრომში მოცემულია რაჭაში ტურიზმის განვითარების SWOT ანალიზი. აგრარულ დასახლებებში ტურიზმის ხელშეწყობის ევროპული სტრატეგიის მიმართულებები და გამოცდილება აღწერილია სტატიის ბოლოს, რაც ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება რაჭისთვის.

საკვანძო სიტყვები: ევროკავშირი, საქართველო, რაჭა, ტურიზმი, SWOT ანალიზი, კლასტერი.

JEL Codes: L83, O18, P25.




შესავალი

„რაჭა - ნილოსის შემდეგ კაცობრიობის ისტორიაში გახმაურებული მდინარის, ფაზისის (რიონის), სათავეებში - ევრაზიის ოქროს კვეთაში მდებარეობს. მსოფლიო ცივილიზაციის კერებს რაჭის მიწა-წყალიც ავსებს. იქ ადამიანთა ცხოვრება ჯერ კიდევ ქვის ხანაში ჩქეფდა. ქვედის, კუდაროს პალეოლითის დროის გამოქვაბულთა კულტურას სწავლულები აღტაცებაში მოჰყავს“ (ფრუიძე, 1986, 6).

რაჭა მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე. მისი ფართობი შეადგენს 2467.3 კვ. კმ-ს, მ.შ. ონის მუნიციპალიტეტზე მოდის 1326.3 კვ, კმ, ხოლო ამბროლაურზე - 1141 კვ.კმ. ის რელიეფური თვალსაზრისით მთაგორიანია და მდებარეობს ზღვის დონიდან 500-4500 მეტრ სიმაღლეზე. მაქსიმალურ სიმაღლეს აღწევს ჩრდილო-აღმოსავლეთით, მწვერვალ ჭანჭახისწვერზე (4462 მ) (გეწაძე, 2019). წყლის ძირითადი რესურსია მდინარე რიონი თავისი შენაკადებით:  ლუხუნი,  ღარულა,  შარეულა,  კრიხულა და სხვა. ასეთ მცირე ფართობზე თითქმის 4000 მეტრიანი ვერტიკალური სხვაობა, რაჭას ტურიზმის ბევრი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას აძლევს. რაჭა იყოფა ქვემო და ზემო რაჭად, რომელთა შორის ბუნებრივი საზღვარია ხიდიკარის კლდეკარი. ცნობილი ეთნოგრაფი ს. მაკალათია ზემო რაჭაში ცალკე აღწერს მთის რაჭას, რასაც სამ სოფელს აკუთვნებს: ღები, ჭიორა და გლოლა (მაკალათია, 1987, 12).

თანამედროვე პერიოდში რაჭას დიდი გამოწვევები აქვს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის მისი მოსახლეობის სიმცირე. 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაჭის მოსახლეობა შეადგენდა სულ 16 ათას კაცს, მ.შ. ქ. ამბროლაურში ცხოვრობს 2 ათასი (სოფლად - 8,4 ათასი), ხოლო ქ. ონში - 2.6 ათასი (სოფლად - 3 ათასი) მოსახლე. სამწუხაროა, რომ 2015 წლის შემდგომ მოსახლეობის რიცხოვნობა რაჭაში კვლავ შემცირების ტენდენციით ხასიათდება. მოსახლეობისგან დაცარიელებულ კუთხეს ახალ სიცოცხლეს სავარაუდოდ საჩხერე-ონის გზა მიანიჭებს, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოდან რაჭამდე მგზავრობას 1,5 საათით შეამცირებს და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასფალტ-ბეტონის გზა, დიდთოვლობის მიუხედავად, მუდმივად გახსნილი იქნება. ეს ფაქტი, როგორც  რაჭის მაცხოვრებელს, ასევე ქართველ თუ უცხოელ სტუმარს მისცემს სტიმულს უფრო ხშირად ეწვიოს რაჭას. 

წინამდებარე ნაშრომის მომზადებისას ა.წ. 24-30 ივნისის პერიოდში სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ გამოყენებით  ჩავატარეთ კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 217 რესპონდენტმა. კვლევაში განსაკუთრებული დახმარება გაგვიწია სოციალური ქსელის ჯგუფის „რაჭა“-ს ადმინისტრატორმა ქ. მაცაბერიძემ. აღსანიშნავია, რომ  რესპონდენტებმა მოგვაწოდეს ძალიან საინტერესო მოსაზრებები, რისთვისაც მათ ვუხდით დიდ მადლობას. 

ანკეტა შედგებოდა 12 კითხვისგან, რომელთა შორის რამდენიმე მოითხოვდა პასუხების მხოლოდ ჩაწერას, რამდენიმეში შესაძლებელი იყო ერთზე მეტი პასუხის გაცემა და დამატებით ჩაწერაც, ხოლო ზოგიერთში მხოლოდ ერთი ფიქსირებული პასუხი მიიღებოდა. რესპონდენტებიდან უმრავლესობას ქალბატონები შეადგენდნენ – 76,4%–ს, ხოლო მამაკაცები შესაბამისად 23,6%–ს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ჭარბობდა 21-30 წლის რესპონდენტები – 29,5%, ოდნავ ნაკლები იყო 51 და მეტი ასაკის - 28,1% (ასაკობრივი სტრუქტურის ასეთი დიდი დიაპაზონი, ციფრულ ტექნიკასთან დამოკიდებულების გამო ავიღეთ), სხვა ასაკობრივი კატეგორიის რესპონდენტთა რაოდენობა 12-15%-ის ფარგლებში დაფიქსირდა. რესპონდენტთა 80% რაჭაში 1 თვე და ნაკლები პერიოდით რჩება, ხოლო მუდმივი მოსახლეა 7,4%.  ცხრა თვე და მეტი პერიოდით რაჭაში მცხოვრებთა დიდმა უმრავლესობამ – 83,8%, მზაობა გამოხატა ტურისტების მისაღებად, ხოლო -16,2%-ს არ აქვს სურვილი ჩაერთოს ამ აქტივობაში. ასეთი დამოკიდებულება აშკარად მიუთითებს ტურიზმისადმი დადებით სასტარტო დამოკიდებულებაზე. „მიწოდების“ მხარესთან ერთად, ტურიზმის განვითარების ნოყიერ ნიადაგს ავლენს „მოთხოვნის“ მხარეც, კერძოდ, კითხვაზე, თუ „სად აირჩევდით დასვენებას რაჭაში“, ყველაზე მეტი მოთხოვნაა „კოტეჯში მასპინძლისგან განცალკევებით“ – 31%, ხოლო 26,4%-მა აირჩია საოჯახო სასტუმრო, 23,6%-მა უპირატესობა მიანიჭა მასპინძელთან ახლოს კოტეჯში დასვენებას. ეს ნიშნავს, რომ რესპონდენტთა თითქმის ნახევარმა აირჩია ისეთი დასასვენებელი ადგილი, რაც მასპინძელი ოჯახებისთვის დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროში დასვენების სურვილი მხოლოდ 16,7%-მა გამოხატა. გამოკითხულთა 51,2% თვლის, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტს უფრო მეტი ვიზიტორი სტუმრობს, ხოლო 48,8%-ის აზრით - ონის მუნიციპალიტეტს. 

კითხვაზე - „რა სარგებელი მოაქვს ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდას თქვენს მხარეში“ - პასუხები იყო: „ეცნობიან ჩვენს მხარეს“, „იძენენ ახალ მეგობრებს“, „მათი მეშვეობით უკეთ ვეცნობით უცხოელთა ყოფით კულტურას“, „მათთან ურთიერთობაში ვიძენთ საინტერესო უნარ-ჩვევებს“, ამასთან, იყო საკუთარი მოსაზრების ჩაწერის საშუალებაც. რესპონდენტთა 58,9%-მა მონიშნა პასუხად „ყველა“, 18,7%-მა რაჭის გაცნობასთან დააკავშირა სარგებელი, ხოლო 8,6%-მა საინტერესო უნარ-ჩვევების შეძენაზე გაამახვილა ყურადღება.  სხვა კითხვებზე პასუხებს ავსახავთ ქვემოთ მოცემულ ანალიზში.  




რაჭაში ტურიზმის განვითარების ძირითადი მიმართულებები

 

აღინიშნა, რომ რაჭაში შესაძლებელია ტურიზმის მრავალი სახეობის განვითარება, კერძოდ: ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური, სპელეოლოგიური, გამაჯანსაღებელ-რეკრეაციული, რელიგიური, სოფლის, ღვინის, გასტრონომიული, სათავგადასავლო და სხვა. (იხ.დიაგრამა 1).

 

გამოკითხულ რესპონდენტთა განწყობა ტურიზმის სახეობების შერჩევისას

დიაგრამა 1

დიაგრამაზე 1 ასახულია რესპონდენტთა უპირატესობები ტურიზმის სახეობებთან დაკავშირებით. რამდენიმე პასუხის შერჩევის პირობა კითხვაში ჩავსვით იმ მიზეზით, რომ პოტენციული მომხმარებელი ერთი მათგანის შერჩევით არ შეგვეზღუდა. ასეთმა მიდგომამ ტურპროდუქტების ყველაზე პოპულარული ნაკრების ამოცნობის საშუალება მოგვცა. პასუხებიდან ჩანს, რომ უპირობო ლიდერი ეთნოგრაფიული ტურიზმია, რომელიც გამოკითხულთა 55,3%-მა პირველი პოზიცია მიანიჭა, მეორე ადგილზეა გასტრონომიული ტურიზმი - 51,2%-ით, შემდეგ გამაჯანსაღებელი - 43,8%. საინტერესოა, რომ გამოკითხულთა მეოთხედმა (25,8%) ტურისტული პროდუქტის ყველა სახეობით დაინტერესება გამოხატა. 

ქვემოთ ვეცდებით მოკლედ მიმოვიხილოთ რაჭაში ტურიზმის ძირითადი სახეობების  განვითარების სასტარტო პირობები და განვითარების შესაძლებლობები.

ეთნოგრაფიული ტურიზმი. ტურიზმის ამ მიმართულების დიდი პოპულარობა ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო. თუმცა, გასაოცარი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ არცერთმა გამოკითხულმა რესპონდენტმა ტურისტისთვის შესათავაზებელ სანახაობათა შორის არ მიუთითა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებული სოფელი „გოგოლათი“. ის ოდითგან გამოირჩეოდა ხის დამამუშავებელ ოსტატთა უნიკალური ნამუშევრებით, რომლებიც ულამაზესი აივნებით მორთულ სახლებს ულურსმნოდ აგებდნენ. 2019 წლის ივნისში სოფელს მიენიჭა ეროვნული კატეგორიის კულტურის ძეგლის სტატუსი. სოფლის ნაკლები ცნობადობა რესპონდენტთა შორის, ვფიქრობთ, არსაკმარისი საინფორმაციო კამპანიის შედეგია. 

 ონის მუნიციპალიტეტში – „გლოლასა და ღებში ახლაცაა შემორჩენილი ძველი უბნები, სადაც, გადმოცემით არჩილ მეფეს, ვახტანგ მეექვსეს, ბესიკსა და სხვა მრავალ გამოჩენილ პიროვნებას დაუსვენია და კავკასიონის ქედის გადალახვას მერე შესდგომია. ღების და გლოლის ძველი უბნები მეცნიერულ-მხატვრული ღირებულებით არ ჩამოუვარდება შატილს, უშგულს და სხვა ცნობილ კომპლექსებს“ (ფრუიძე, 1986,45-46). სამწუხაროდ, თანამედროვე პირობებში ცნობილი დუროიანი სახლებიდან მხოლოდ ერთია რესტავრირებული. აღსანიშნავია, რომ რესპონდენტებმა გლოლა და ღები, ჭიორასა და გონასთან ერთად ხშირად,  დაასახელეს სტუმრისთვის საჩვენებლ ადგილთა შორის.

რაჭა მესტვირეთა მშობელია. „ფარახელი მესტვირეები, მთელ საქართველოში „რაჭველ მესტვირეებად“ მონათლულნი, განუყრელ გუდასტვირზე ღიღინით და ალალი ლექსით მსმენელებს ატკბობდნენ. ხალხური საკრავიერი მუსიკისა და პოეზიის ეს აკვანი ახლა მესტვირეთა გარეშე დარჩენილა. ამ სოფლის გადასახვევთან, რაჭის მთავარ გზატკეცილზე, მესტვირის ძეგლი იდგა“ (ფრუიძე, 1986,14). ალბათ, კარგი იქნება თუ მესტვირეს ძეგლი კვლავ დაიდგმება ძველ ადგილას თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით, როცა სკულპტურასთან მიახლოვებისას სათანადო მუსიკალური ჰანგი ისმის. ეს ტრადიციული საკრავის პოპულარიზაციასა და ეთნოგრაფიული მეხსიერების აღდგენა/შენახვას შეუწყობს ხელს, ხოლო ტურისტებისთვის ფოტოს გადასაღები საყვარელი ადგილი გახდება. 

მცირე და ძვირადღირებული მიწის პირობებში რაჭველი კაცი მაქსიმალურად ცდილობდა რაციონალურად გამოეყენებინა ბუნებრივი სიმდიდრე. ასეთი დამოკიდებულება წრიული ეკონომიკის პრინციპების სახელწოდებითაა პოპულარული თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში. ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ მოხდება ადრე რაჭაში პოპულარული მიწის ფერდობების აღდგენის, სინოტივის შემცირების, მიწის ნაყოფიერების გასაზრდელად მცენარეების მორიგეობით თესვის მეთოდების შესწავლა და აღდგენა. რაჭის ეთნოგრაფიაზე ძალიან ბევრი შეიძლება დაიწეროს, თუმცა, მსჯელობის გაგრძელების საშუალებას ნაშრომის ეს ფორმატი არ გვაძლევს.

არქეოლოგიური ტურიზმი. „გ. გობეჯიშვილმა რიონის სათავეებთან აღმოაჩინა ბრილის დასახლება და სამაროვანი - მეტალურგთა ძველთაძველი დაბა-ქალაქი, სადაც საუკუნეთა მანძილზე ბრინჯაოდ იწურებოდა სპილენძის მადანი. ბრილს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ძველ ეგვიპტესთან, ფინიკიასთან...“ (ფრუიძე, 1986, 7).   ბრილის გათხრებში 1961 წელს ლურჯი მინის ზედაპირგოლფრიმინირებული ე.წ. „ნავკრატისული მძივები“ ამოიღეს, რაც მხოლოდ ეგვიპტური წარმოშობისაა (ფხალაძე, 2019. „კვაშხიეთ-ჯოისუბანში (ონის რაიონი) გ. გობეჯიშვილმა ანტიკური მცხეთის - სამთავროს განძის ტოლფასი ძვირფასეულობა აღმოაჩინა“ (ფრუიძე, 1986, 7). რაჭის ისტორიული ძეგლებისა და სიძველეების შესწავლას დიდტანიანი ნაშრომები მიუძღვნეს გ. ბოჭორიძემ, რ. მეტრეველმა. აღსანიშნავია, რომ ბრილი, როგორც სტუმრისთვის საჩვენებელი ადგილი, მხოლოდ ერთმა რესპონდენტმა დაასახელა. ტურიზმის ამ მიმართულებით ინტერესი რესპონდენტთა 23%-მა გამოთქვა.

რელიგიური ტურიზმი. რაჭის კულტურულ-ისტორიული რესურსების მნიშვნელოვანი კომპონენტია ეკლესია–მონასტრები. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღრიცხულია 50 ეკლესია. აქედან 18-ს მინიჭებული აქვს ,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის“ სტატუსი. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პასპორტირებულია 100-მდე ისტორიული ძეგლი. აქ  31 ეკლესია და 8 მონასტერია. მსოფლიო მნიშვნელობისაა ნიკორწმინდის ტაძარი. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ რესპონდენტთა 20,7%  დაინტერესებულია რელიგიური ტურიზმით და ერთ-ერთმა მათგანმა სტუმრისთვის საუკეთესო საჩუქრად ხატი დაასახელა.

ქ. ონში ფუნქციონირებს ებრაული სინაგოგა, რომელიც თავისი სილამაზით გამოირჩევა და წარმოადგენს ვარშავის სინაგოგის ანალოგს. ონის სინაგოგის 120 წლისთავი რამდენიმე წლის წინ იზეიმეს. საბჭოთა პერიოდში სინაგოგა ბოლშევიკებისგან დანგრევას ებრაელი და ქართველი ჩვილშვილიანი დედების თავგანწირვით გადაურჩა. ონის სინაგოგის ასაგებად თანხის შესაგროვებლად ნათანიელ როტშილდმა და ალფრედ  ნობელმაც იზრუნეს  (ბუზუკაშვილი, 2015). აღსანიშნავია, რომ გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა  სწორედ ეკლესია-მონასტრებისა და სინაგოგის ნახვას ურჩევდა სტუმარს. ვფიქრობთ, სათანადო საინფორმაციო კამპანიითა და ტურიზმის სხვა მიმართულებებთან ერთობლიობაში შეთავაზებით, ეს მიმართულებაც უფრო პოპულარული გახდება.

სპელეოლოგიური ტურიზმი. საქართველოს ტერიტორიის 7% დაკარსტულია. მსოფლიოს უღრმესი კარსტული უფსკრულების პირველი ათეულიდან ოთხი სწორედ საქართველოშია (ასანიძე, 2017,4). საქართველოს კარსტული ზოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია რაჭის კირქვული მასივი, აქ განვითარებული ზედაპირული კარსტული ლანდშაფტი საქართველოში მხოლოდ ბზიფის და არაბიკას კირქვულ მასივებზეა განვითარებული, სადაც ჩასახულია მსოფლიოს უღრმესი (კრუბერი, სარმა, თოვლიანი-მეჟენი) მღვიმეუფსკრულები. რაჭაში აღმოჩენილია 3 კარსტული რაიონი, კერძოდ, ხიხათა-შქმერი (საშუალო ჯამური სიგრძე 2 კმ), შაორი საწალიკე (1,5 კმ) და ცხრაჯვარი/ლეკნარი (3,5 კმ) (ასანიძე, 2017, 46).

ლ. ასანიძის აზრით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სპელეოტურიზმი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და ფინანსური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს. რაჭაში შესაძლებელია სპელეოტურიზმის, ორი მიმართულების განვითარება, კერძოდ, სანახაობრივი სპელეოტურიზმი (რომელიც გულისხმობს კეთილმოწყობილი მღვიმეების მონახულებას. ამ მხრივ, უდავოდ გამორჩეულია მურადის კარსტული მღვიმე უნიკალური სფერული სტალაქტიტებით - „რაფაელოს“ ბურთები, რომლებსაც ანალოგი არ მოეპოვება კავკასიაში, ხოლო მსოფლიოში რამდენიმე მღვიმურ სისტემაშია წარმოქმნილი) და ექსტრემალური სპელეო-ტურიზმი. ამ თვალსაზრისით რაჭა ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოში, რამეთუ აქ წარმოდგენილია მრავალი კარსტული კანიონი, ჩანჩქერები, სიფონური ტბებით დამშვენებული კარსტული მღვიმეები და სხვა. (ასანიძე, 2017, 10). სპელეოლოგიური ტურიზმით დაინტერესებულია გამოკითხულთა 10,1%. საქართველოში სანახაობითი სპელეო-ტურიზმის პოპულარობის გათვალისწინებით, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობით ეს მიმართულებები ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს რაჭას. კარსტულ მღვიმეებს სხვა ეკონომიკური საქმიანობისთვისაც იყენებენ, რაზეც  ვიმსჯელებთ.

სოფლის ტურიზმი. ევროკავშირში 2021-2022 წწ-ში სოფლის ტურიზმზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება. ტურიზმის ამ მიმართულების კვლევას ი. ვაწაძემ მიუძღვნა არაერთი ნაშრომი. იგი აღნიშნავს რომ: „სოფლისტურიზმიარისყოველგვარიტურისტულიაქტივობა, რომელიცხორციელდებასოფლად, ადგილობრივირესურსებისგამოყენებითდაუზრუნველყოფსსპეციფიკურიტურისტულიპროდუქტისშექმნას“ (ვაწაძე, 2019,182). „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 2018 წლისათვის  28 სასტუმრო ქ. ამბროლაურში, ხოლო 44 - სოფლებში ფუნქციონირებდა. განთავსების საშუალებების საერთო რაოდენობა ონის მუნიციპალიტეტში შეადგენდა 34-ს. აქედან 5 სასტუმროა, ხოლო 29 - საოჯახო სასტუმრო“ (ვაწაძე, 2019, 107). 

ი. ვაწაძის აზრით, სოფლის ტურიზმის პოპულარობას განაპირობებს, ერთი მხრივ, ადამიანის სასიცოცხლო გარემო და, მეორე მხრივ, მის ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებს შორის შეუსაბამობის ზრდის გამო, ბუნებაში რეკრეაციაზე მოთხოვნის ზრდა. ჩვენი აზრით, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია და მოსალოდნელი ტექნოლოგიური ცვლილებები გაზრდის მოთხოვნას სოფლის ტურიზმზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რაჭაში სასტუმროში დასვენების სურვილი გამოკითხულთა მხოლოდ 1/6 გამოხატა, სხვათა არჩევანი კი, პირდაპირ თუ ირიბად დაუკავშირდა სოფლის ტურიზმს, რაც ამ მიმართულებაზე მოთხოვნის მიმანიშნებელია.

 რეკრეაციული/გამაჯანსაღებელი ტურიზმი. მინერალური წყლების სამკურნალო მოქმედებას განსაზღვრავს მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები. მათ იყენებენ სასმელად, აბაზანებისთვის, შხაპების, შესხურების, ინჰალაციისა და გამოვლებისათვის. რაჭის ორივე მუნიციპალიტეტში 20-მდე სოფელშია აღწერილი მინერალური და გოგირდოვანი წყალი, თუმცა, მათ შორის ყველაზე ცნობილია უწერისა და შოვის წყლები.

კურორტ  უწერაში 28  სახეობის მინერალური წყალია. ისინი მდიდარია კალციუმითა და რკინით, შეიცავს ბორსა და იოდს, ასევე სხვა მინერალებს. უწერის წყლებით მკურნალობენ ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებებს.

შოვში გამოკვლეულია 16 სახეობის მინერალური წყარო. შოვის წყლები სასარგებლოა  სუნთქვის ორგანოთა, კუჭ-ნაწლავის, სანაღვლე და საშარდე გზების დაავადებების და სხვათა სამკურნალოდ. 

რეკრეაციული ტურიზმის განვითარებით დიდი შემოსავალის მიღებაა შესაძლებელი ორი ფაქტორის გამო: 1. ის უნიკალურ გარემო პირობებსა და მინერალურ წყლებს უკავშირდება, რაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებს იმ რაოდენობით, რაც საქართველოშია, არ გააჩნიათ; 2. ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოთხოვნა არაელასტიკურია (სასიცოცხლოა) და ის დიდი მოგებით ხასიათდება  (გაგნიძე, 2011,720). გამაჯანსაღებელი ტურიზმით რესპონდენტთა 43,8%-ია დაინტერესებული. რეკრეაციული ტურიზმის გარდა, მინერალური წყლები ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურების მნიშვნელოვანი წყაროცაა.  

ღვინის ტურიზმი. მევენახეობა ძირითადად, ქვემო რაჭაშია განვითარებული. რაჭის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ყიფიანის ღვინო, ანუ „ხვანჭკარაა“– ღვინო, რომლითაც მოკავშირეების ლიდერებმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების სადღეგრძელო შესვეს.  ღვინო მზადდება „ალექსანდრეულისა“ და „მუჯურეთულის“ ყურძნის ჯიშების ნაზავით. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, როგორც „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ხვანჭკარა“, რეგისტრირებულია საქპატენტში 2006 წლიდან. მისი მიკროზონა მოიცავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 27 სოფელს და ცაგერის მუნიციპალიტეტის 2 სოფელს“ (https://wine.gov.ge/). აღსანიშნავია, რომ ხვანჭკარის დამზადება კახეთშიც სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. რაჭაში პოპულარულია ყურძნის სხვა ჯიშებიც, კერძოდ: „წულუკიძის თეთრა“, „რაჭული ძელშავი“, „თაკვერი“, „ცოლიკაური“, „რატიანის თეთრა“, „საკმეველა“ და სხვა. 

მიმდინარე წლის ივლისში „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტით მცირე მარნებისა და რეგიონული ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის„ღვინის კლუბის“ მიერ თბილისში მოწყობილ ფესტივალზე – „ღვინის სოფელი“ რაჭიდან წარმოდგენილი იყო რამდენიმე მარანი, კერძოდ: მეღვინეობა „ქვე შენი ჭირიმე“, „ჭრებალოს მარანი“, „მენაბდე“, „კერესელიძეების მარანი“ და „ღვინუკა • Gvinuka“. 

ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ რაჭაში ღვინის ახალი საოჯახო მარნები აშენდება ადგილობრივი სააგურე თიხისა და ჭრებალოს რძისფერი კრამიტის გამოყენებით (ფრუიძე, 1986, 43-44). ეს მათ საქართველოშიც კი განსაკუთრებულ თავისთავადობასა და თვითმყოფადობას შესძენს. დიაგრამიდან (1) ჩანს, რომ ღვინის ტურიზმით, გამოკითხულ რესპონდენტთა 42,4%-ია დაინტერესებული, რაც მისდამი დიდ ინტერესზე მიუთითებს.

გასტრონომიული ტურიზმი. ტურიზმის ამ სახეობის განვითარებაზე, ალბათ, ღვინის ტურიზმთან კავშირში უნდა ვიმსჯელოთ. ნებისმიერი ვიზიტორი მხოლოდ ღვინოს არ აგემოვნებს, ის დაინტერესებულია ადგილობრივი სამზარეულოს სხვა პროდუქტებით. რაჭა-ლეჩხუმში გავრცელებული ხორბლის ენდემური ჯიშები – ზანდური და მახა, ამ კუთხის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათია. ზანდურს სასელექციო მასალად იყენებენ ბევრ ქვეყანაში იმუნური ჯიშებისა და ჰიბრიდული ხორბლის შესაქმნელად. ის კოლექციებში დაცულია, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ძვირფასი სასელექციო მასალა. 

აღსანიშნავია, რომ რაჭა გამოირჩეოდა ხორბლის ჯიშების მრავალფეროვნებით. სელექციის გზით მოსახლეობას თავისი სოფლის კლიმატთან შემგუებელი ჯიში გამოჰყავდა. ერთ-ერთი ჯიში 1,5 თვეში ? მწიფდებოდა. „სახნავ იარაღთა შორის ყველაზე სრულყოფილი რაჭული სახვნელი ნიადაგს ისეთნაირად ამუშავებდა, რომ მის გამოფიტვა-დაცურებას გამორიცხავდა“(ფრუიძე, 1986, 42). სამწუხაროდ, თანამედროვე პირობებში გამოუყენებელია 1166 ჰა სახნავი მიწა (გეწაძე, 2019, 60), რაც ადგილობრივი ჯიშის ხორბლისგან პურის ცხობისა და გასტრონომიული ტურიზმის მძლავრი მიმართულების განვითარების საუკეთსო რესურსია.

ზემო რაჭა გამოირჩევა ხორცპროდუქტების მაღალი ხარისხით. რაჭული ლორით თვით მსოფლიოში აღიარებული ბრენდი „ხამონი“ დაინტერესდა და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში ლორის წარმოების საამქრო დააფუძნა. ესპანეთში ჩატარებული კვლევებით დადასტურდა, რომ ქართული მთის ღორი ეპანური„იბერიკოს“ ჯიშის ღორის მახასიათებლებს უტოლდება; მისგან დამზადებული ხამონი და სხვა ხორცპროდუქტები კი უმაღლესი ხარისხის ნაწარმია. საქართველოში ყველასათვის საყვარელი ლობიანიც რაჭული ლორის გამოყენებითაა ძალიან გემრიელი.

შვეიცარულმა კომპანია „ბლაუენშტაინმა“ მიმდინარე წლის ივლისში რაჭაში სოფელ  სორში მეღორეობის ევროპული სტანდარტების ფერმა გახსნა.  ღორების ფერმა ევროპაში ცნობილი და ავტორიტეტული ავსტრიული კომპანიის „შაუერის“ ჩართულობით აშენდა და არის სრულად ავტომატიზებული. შვეიცარულმა კომპანიამ დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბლაუენშტაინ ედუ“, რომელიც სამომავლოდ პროფესიულ კოლეჯად გადაიქცევა (Entrepreneur Georgia). რაც სასოცოცხლოდ აუცილებელია რეგიონისთვის. აღსანიშნავია, რომ „ბლაუენშტაინს“  მეცხოველეობის ფერმა აქვს სოფელ შარდომეთში. თავისი სიტყვა იაპონიაში უკვე თქვა „შქმერულმა“, რომლიც ამ ტრადიციულ ქვეყანაში დიდი მოთხოვნით სარგებლოს. აღსანიშნავია ღების ხაჭაპური, რომელმაც საქართველოში ყველის  გილდიის თავმჯდომარის ანა მიქაძე-ჩიკვაიძის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, სადაც სამი სახეობის ყველის გემო დამოუკიდებლად იგრძნობა. ერთ-ერთმა რესპონდენტმა კვლევაში ამ ხაჭაპურით სტუმრის გამასპინძლებაზეც აღნიშნა. 

გასტრონომიული ტურიზმის ამ მოკლე მიმოხილვაშიც კი ჩანს მისი დიდი პოტენციალი, ხოლო გამოკითხულთა 51,2% ტურიზმის ამ სახეობით დაინტერესება მისდამი ინტერესს ადასტურებს.

სათავგადასავლო ტურიზმი. დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2019 წლის ანგარიშში მითითებულია, რომ ახალი დაცული ტერიტორიების დაარსების მიზნით მომზადებულია კანონპროექტები და მიმდინარეობს საჭირო პროცედურები: მათ შორის რაჭის ეროვნული პარკის დაარსება - 52 191 ჰა [ანგარიში, 2019, გვ.9]. დაგეგმილი საქმიანობის სისრულეში მოყვანა ხელს შეუწყობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებული  გამოცდილების გაზიარებას. ცნობილია, რომ დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და სათავგადასავლო ტურიზმის მრავალი  მიმართულბა ძალიან პოპულარულია. აღნიშნულს ადასტურებს ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც, კერძოდ, რესპონდენტთა 41% დაინტერესებულია საფეხმავლო ტურიზმით, 29% - საცხენოსნოთი,  15,2% - ჯომარდობით, 16,6% - ალპინიზმით და ა.შ. აქვე კვლავ გავიმეორებთ, რომ კვლევაში მონაწილეთა 25.8% ტურიზმის ყველა მიმართულებითაა დაინტერესებული. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს რაჭაში ტურიზმის ამ მიმართულების დიდ პოტენციალზე (იხ.ცხრილი).

 

რაჭაში ტურიზმის განვითარების SWOT ანალიზი

ცხრილი 1

 

ძლიერი მხარე

სუსტი მხარე

  • მდიდარი ბუნებრივი რესურსები

  • ისტორიული კულტურული ძეგლების მრავალფეროვნება

  • რეგიონში არსებული უნიკალური ვაზის ჯიშები

  • სამკურნალო-მინერალური წყლის რესურსები

  • ღვინის, ეკოტურიზმის, აგროტურიზმის და სხვა მიმართულებების (სათავგადასავლო, ექსტრემალური, გამოცდილებითი და ა.შ) განვითარების პოტენციალი

  • ადგილობრივი აეროპორტი

  • მუნიციპალიტეტებში ტურისტულად საინტერესო ხედვის წერტილები

  • ფოლკლორი

  • არქიტექტურა და ეთნოგრაფია

  • ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმართაობა

  • ტურისტული მომსახურების ხარისხი

  • ადგილობრივი ადამიანური რესურსების არასაკმარისი ჩართულობა ტურიზმში და კვალიფიკაცია

  • ტურიზმის განვითარების მხარდამჭერი პროექტების ნაკლებობა

  • ტურისტული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით კომერციალიზაციის ხედვის პრობლემა

  • ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტებისთვის გასართობი ღონისძიებების და ადგილების ნაკლებობა

  • კვების ობიექტების სიმცირე

  • ტურისტული ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული  არასაკმარისი კომპეტენცია

შესაძლებლობები

საფრთხეები

  • ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტების რესურსების მობილიზება

  • რეგიონის ტურისტული დანიშნულების ადგილების და პროდუქტების პოპულარიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე

  • ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული სუბიექტების წახალისება და ფინანსური მხარდაჭერა

  • ტურიზმის ინდუსტრიაში თანამედროვე ტექნოლოგიური პროექტების იმპლემენტაცია

  • დანიშნულების ადგილის (DMO) მართვის ორგანიზაციის შექმნა და მართვაში თანამონაწილეობითი მიდგომების დანერგვა

  • სასოფლო-სამეურენო სავარგულების ეფექტიანი გამოყენება (მაგალითად, აგრო ტურიზმის მიმართულებით)

  • ფესტივალების ორგანიზება

  • ეკოსოფლების განვითარება

  • პანდემიის გავრცელება

  • რეგიონის მოსახლეობის დეპოპულაცია

  • ბუნებრივი კატაკლიზმები

  • არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია

  • რეგიონიდან კვალიფიციური კადრების გადინება

 

ცხრილში მოცემულია რაჭაში ტურიზმის განვითარების SWOT ანალიზი, რომელიც შემუშავებულია ტრანსდიციპლინურობა მდგრადი განვითარებისთვის (CaucaSust Transdisciplinarity for sustainable Development) საველე კვლევის შედეგების გათვალისწინებით. კვლევა განხორცილედა 2020 წლის აგვისტოში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებმა. 

აღსანიშნავია, რომ რეგიონის ძლიერი მხარეები, როგორიცაა მდიდარი ბუნებრივი რესურსები, ისტორიულ-კლუტურული ძეგლები, სამკურნალო-მინერალური რესურსები და ა.შ. მნიშველოვანი წინაპირობაა ტურიზმის მდგრადი განვითარების თვალსაზრისით (Khokhobaia, 2018). თუმცა, ჩვენი აზრით, ტურიზმის სისტემის ობიექტურად შეფასების და სუსტი მხარეების გამოსწორების მიზნით ყურადღება უნდა გამახვილდეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, არსებული ტურისტული სერვისების ხარისხობრივ პარამეტრებზე, ტურისტული დანიშნულების ადგილების კომერციალიზაციაზე, ტურიზმთან დაკავშირებულ და მხარდამჭერ სერვისებზე.

რაც შეეხება შესაძლებლობებს, აღნიშნულ ნაწილში ყურადღება გამახვილებულია იმ კომპონენტებზე რომელმაც დამატებითი სტიმული უნდა მისცეს ტურისტული სერვისების, სამუშაო ადგილების, ზოგადად, ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე. 

ამ კუთხით, მნიშვნელოვანია ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული სუბიექტების ფინანსური მხარდაჭერა, რისთვისაც საჭიროა ფინანსური რესურსების მობილიზება, როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ დონეზე (Khokhobaia, 2015).   პრაქტიკა ცხადყოფს, რომ რეგიონზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ დონორ ორგანიზაციებს, სხვადასხვა პროექტის იმპლემენტაციით. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს როგორც სუსტი მხარეების, ასევე საფრთხეების გავლენას რეგიონზე (როგორიცაა, მიგრაცია და სხვა).

რეგიონში  ახალი შესაძლებლობის წამახალისებელი აქტივობა ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის დამაგრებას (Khokhobaia, 2016).  

ანალიზს გავაგრძელებთ კვლევაში ჩართულ რესპონდენტთა მიერ ტურიზმისა და  დასვენების სფეროს განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენით. უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავთ, რომ როგორც სხვა შემთხვევაში, აქაც რამდენიმე პასუხის არჩევისა და დამატებით საკუთარი მოსაზრების ჩაწერაც იყო შესაძლებელი. 

 

რესპონდენტთა პასუხების განაწილება ტურიზმისა და დასვენების სფეროს

განვითარების ხელისშემშლელ ფაქტორებთან დაკავშირებით

დიაგრამა 2

დიაგრამიდან (2) ჩანს, რომ გამოკითხულთა ყველაზე დიდი რიცხოვნობა (62,9%)  პირველი რიგის პრობლემად „არასათანადო გზებსა და სატრანსპორტო კავშირებს“ მიიჩნევს. მეორე რიგის პრობლემა „ინვესტორთა არასაკმარისი დაინტერესება“ აღმოჩნდა (56,8%). გამოკითხულებმა თანაბარი მნიშვნელობა მიანიჭეს „კომუნალური მომსახურების დაბალ  დონესა“ და „მომსახურების სფეროში მოსახლეობის კვალიფიკაციის დაბალ დონეს“ (52,1-52,1%). 

დასკვნის სახით აღვნიშნავთ, რომ რაჭაში ტურიზმის განვითარების SWOT ანალიზი და დიაგრამა 2–ზე წარმოდგენლი რესპონდენტთა პასუხები ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია.

 

რაჭაში ტურიზმის განვითარების კლასტერული ანალიზი

 

კლასტერი ესაა გეოგრაფიული ნიშნით კონცენტრირებული, ურთიერთდაკავშირებული კომპანიების, სხვადასხვა სახეობის სპეციალიზებული მიმწოდებლების, შესაბამისი დარგების ფირმათა ჯგუფები, აგრეთვე მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციები, განსაზღვრულ სფეროებში კონკურენტები, მაგრამ ამასთან ერთობლივად მომუშავენი (Porter, 1998).

ტურიზმის კლასტერულ პრიზმაში ხედვის უპირატესობა ზოგადად და განსაკუთრებით რაჭისთვის, ისაა, რომ სწრაფად ვლინდება ტურიზმის სრულყოფილად განვითარებისთვის ხელისშემშლელი ე.წ. „შავი ხვრელები“. ზემოაღნიშნული ანალიზიდან ჩანს, რომ ტურიზმი რაჭაში წერტილოვნად განვითარებული მარნების, სასტუმროების, საოჯახო სახლებისა და მომსახურების სხვა მცირერიცხოვანი ობიექტების „ჯამია“. 

არ არის ტურიზმის განვითარების ერთიანი ხედვა, რასაც კლასტერული ანალიზი ესაჭიროება. ის ავლენს ამა თუ იმ მომსახურების უზრუნველყოფის აუცილებლობას. კლასტერის აუცილებელი რგოლის ჩამოყალიბება ყველას ინტერესშია და ამის გამო, ამ ბიზნესში შესვლის ბარიერები არაა. 

ტურიზმის კლასტერი შედგება შემდეგი მხარეებისგან: სახელმწიფო დაწესებულებები, სპეციალური კავშირები, ასოციაციები, ტუროპერატორები, ტურსააგენტოები, სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურა (მ.შ. ინტერნეტი), სასტუმროები, სანატორიუმები, სარეაბილიტაციო ცენტრები, კურორტების ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ტურიზმის სფეროს მარკეტინგული კვლევები, სადაზღვევო კომპანიები, სამწვრთნელო მომსახურება, სამაშველო და დაცვის სამსახური, სამედიცინო მომსახურება, ფესტივალების, გამოფენების,  კონფერენციების ორგანიზატორი ფირმები, კადრების (მ.შ. გიდების) მოსამზადებელი სასწავლებლები და სპეცკურსები ყველა მიმართულებით და სხვა [გაგნიძე, 2012, გვ, 89-90].

ტურიზმის კლასტერის აუცილებელი რგოლია სუვენირების წარმოება, რომლის ნაკლებობაზეც რესპონდენტები მიუთითებენ. ეს ისეთი პროდუქტია, რომელიც ყველა ტურისტსა თუ დამსვენებელს დააინტერესებს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების მნიშვნელოვანი წყარო გახდება.

სუვენირების წარმოებაში, ვფიქრობთ, უნდა აისახოს ტურიზმის ყველა სახეობის  მოყვარულთა ინტერესი. აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილეებმა საუკეთესო იდეები შემოგვთავაზეს, მაგალითად: ადგილობრივი წარმოების საღვინე ჭურჭელი (ხრიკი), საკვები პროდუქტები და ტკბილეული სასაჩუქრე შეფუთვებში, როგორიცაა: თაფლი, ღვინო, სანელებლები, კაკლოვნები, რაჭული ლორი, ყველი, გამომშრალი ხილი (ჩირი), ტრადიციული მცენარეული ჩაი ლამაზი ყუთებით ან ,,ტომსიკებით“ (მაგალითად, ასკილი, პიტნა), ლობიოს საჭყლეტი, დაფა, რომელიც რაჭველი დიასახლისების მიერ მომზადებულ ხაჭაპურის/ლობიანის ზედაპირზე მზეს გამოსახავს (რაც ქრისტიანობამდელ რაჭაში მზის ღვთაების თაყვანისცემის ნიშანია), სახელობითი ღვინო ეტიკეტზე სტუმრის ფოტოთი, რაჭული გუდასტვირი, ხელნაკეთი პატარა ღვინის დოქი, თეფშები რაჭის ბუნების ამოტვიფრული ნახატით, რაჭულ ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი თოჯინები, ძველი დურიოიანი და ჭვირულაივნიანი სახლების მაკეტები; ძველი რაჭული ჭურჭლის სუვენირები (სპილენძის თუნგები). „რაჭულის“ მოცეკვავე მამაკაცის და ქალბატონის ფიგურები, სხვადასხვა სახეობის რაჭული ღვინის მცირე ბოთლების ნაკრები, რაჭაში არსებული ეკლესიების, ისტორიული ძეგლების პროტოტიპი მინიატურები, მათი  ნახაზებისა და ნაქარგების დამზადება (მათივე მცირე ფორმის მაგნიტიანი სუვენირები და გასაღების საკიდები), ქოთანში გახარებული სოჭის ნერგი, დოქი/ბოთლი/ყანწი წარწერით „ხვანჭკარა“, „რაჭა ჩემო სიყვარულო“, „ყველაზე სწრაფი მსოფლიოში“. სუვენირები ნიკორწმინდის ტაძრის ორნამენტებით, რაჭული საკარცხული, წიგნი რაჭაზე სხვადასხვა ენაზე, ღია ბარათი მრავალძლიდან გადაღებული ფოტოთი, რაჭული ლობიანის საკიდი, სამუზეუმო ექსპონატის ასლი, რაჭული სამოსი, კულინარიული წიგნი რაჭული კერძებით, კერამიკა/თიხის კედელზე დასაკიდი თეფშები და ჭიქები რაჭის ხედებით და ტურიზმის სხვადასხვა სახეობის ამსახველი შინაარსის ნახატებით და სხვა. სუვენირების მრავალფეროვნების აუცილებლობას გამოკითხულ რესპონდენტთა 11,6%-მა გაუსვა ხაზი.

ქ. ონში არსებობდა ცნობილი მეთუნე სერგო მაჩაიძის მიერ დაარსებული მაღალი ხარისხის თიხისა და კერამიკის საწარმო, რომლის აღორძინებით შესაძლებელია ადგილზე დამზადდეს სუვენირები (ფრუიძე, 1986,379). ამბროლაურის მუნიციპალიტეტში  მოიპოვება თაბაშირი (ჭრებალო, მუხლი, წესი - მარაგი 9,981,6 ათასი ტ), რომლისგან უმაღლესი ხარისხის კერამიკა მზადდება. 

ნებისმიერი ტურისტისთვის, განსაკუთრებით კი სათავგადასავლო მიმართულების მოყვარულთათვის, მნიშვნელოვანია სამწვრთნელო მომსახურების, სამაშველო და დაცვის სამსახურის, სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების გამართული ქსელი. 

ფესტივალების, გამოფენების, კონფერენციების ორგანიზატორი ფირმები ის რგოლია, რომლის ღონისძიებები უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებულობას ტურისტული პროდუქტების შესახებ, მათ ცნობადობასა და პოპულარობას და სხვა სინერგიულ თანმდევ ეფექტებს. 

ამბროლაურის მუნიცილპალიტეტში ყოველ წლის აგვისტოს ბოლოს ტარდება რეგიონული ფოლკლორული დღესასწაული „ფუძეობა“. ფესტივალის ძირითადი გზავნილი რაჭიდან წასული რაჭველების საკუთარ ფუძეზე დაბრუნებაა. ღონისძიების ფარგლებში ეწყობა რეგიონის ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი, სამეწარმეო მარკეტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საპატიო მოქალაქეების და დამსახურებული მოღვაწეების დაჯილდოება და სხვა. 

აგვისტოში ტარდება ონში დღესასწაული „ონელობა“. პირველად მსგავსი თემატიკის ღონისძიება მოკრძალებულად 2008 წელს ჩატარდა სახელწოდებით – „ონი და ონელები“. მას შემდეგ დღესასწაული ყოველწლიურად იხვეწება და მასშტაბურ სახეს იღებს. 

მუნიციპალიტეტების მოკრძალებული ბიუჯეტი მრავალი ღონისძიების ორგანიზებას ვერ გასწვდება, არადა, ფესტივალებსა და გამოფენებზე მრავალი საინტერესო ფაქტი შეიძლება გამოვლინდეს. ვფიქრობთ, რაჭველებმა უნდა აღადგინონ ის ტრადიციაც, როცა  თითოეული სოფელი ერთი საეკლესიო დღესასწაულის მასპინძელი იყო. ამ დღესასწაულზე ამ სოფელში ლამის მთელი რაჭა იყრიდა თავს, მაგალითად მრავალძლელებისთვის გამორჩეული დღესასწაულია მარიამობა, როცა სოფელში იმერეთიდანაც კი გამოდის მოსალოცად მოსახლეობა, შქმერელებისთვის ასეთი დღესასწაული იყო პეტრე-პავლობა, რომელიც თამარ მეფის კლდის ძირას აღინიშნებოდა, ღარელებისთვის ასეთია საჯვარეობა და ა.შ. გასტრონომიული ტურიზმისთვის ასეთი დღესასწაულები საუკეთესო საშუალებაა სტუმრებთან გამასპინძლებით „მოითელოს“ ახალი შეთავაზებები, შედგეს მცირე კონკურსები საუკეთესო ადგილობრივი საკვები პროდუქტების გამოსავლენად და გამომუშავდეს კონკურს-ფესტივალის გამართვის გამოცდილება. ყველა მონაწილეს გადაეცეს  წამახალისებელი სიგელები, გამარჯვებულები გამოვლინდნენ დამსწრეთა გამოკითხვის შედეგად და სხვა. 

 

რესპონდენტთა პასუხების განაწილება რაჭაში ტურიზმის განვითარებისთვის  

საჭირო ღონისძიებების შესახებ

დიაგრამა 3

დიაგრამიდან  ჩანს, რომ კვლევაში ჩართულთა 56,5% ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ისურვებდა, 42,6%-თვის მნიშვნელოვანია ინტერნეტთან წვდომა, რომლის მაღალი ხარისხი აუცილებელი გახდება  ტურისტული მიმართულებების გაციფრულებისას. მეტი საინფორმაციო კამპანიის მომხრეა 41,2%, საკვები ობიექტების მრავალფეროვნებას ხაზს უსვავს 37,5%. ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი მნიშვნელოვანია კვლევაში ჩართულთა 32,4%-თვის. 

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის განვითარების კლასტერული ხედვა ზედმიწევნით პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც რაჭაში ამ დარგის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

ტურიზმის როლი სოფლის  განვითარებაში - 

ევროკავშირის გამოცდილება

 

გლობალიზაციამ ხელი შეუწყო მცირე გეოგრაფიული არეალების აღმოცენებას, რამაც გამოიწვია რეგიონალიზმის ახალი ტალღა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროპამ მტკიცედ დაუჭირა მხარი რეგიონული განვითარების პოლიტიკას როგორც წევრ ქვეყნებში, ასევე ასოცირებულ ქვეყნებში, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა, მათ შორის საქართველოში. ეს პოლიტიკა ემსახურება რეგიონების მკვეთრად უთანაბრო განვითარების შედეგების აღმოფხვრას. 

რეგიონები განსხვავებულია სოციალურ-ეკონომიკური განვითარებით - დიდი ქალაქებიდან სიშორე, მაღალმთიანი ადგილების მისადგომობა,განუვითარებელი საგზაო ან სარკინიგზო ინფრასტრუქტურა (Iammarino et al., 2017).უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონული კონტექსტით, სოფლად განვითარება მოიცავს სხვადასხვა აქტივობას (ინფრასტრუქტურა,საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემა, სოციალური დაცვა, ეკონომიკა, ტურიზმი და ა.შ). ამ პროცესში აქტორების ინტენსიური თანამშრომლობა ხელს უწყობს საინტერესო იდეების აღმოჩენას და კომპლექსური საკითხების ეფექტიანად გადაწყვეტას (Pollermann et al., 2020).ევროკავშირის სოფლად განვითარების პოლიტიკა მოიცავს კრეატიულ აზროვნებას და ინოვაციურ მიდგომებს, ასევე ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენებას. 

სოფლად ტურიზმის განვითარება უნდა დაეფუძნოს მდგრადი განვითარების მიზნებს, რაც გამოიხატება, სხვა საკითხებთან ერთად, არსებული ტრადიციული შენობების ან მემკვიდრეობის განახლებაში, რომელიც მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. გეოგრაფიის, ტურიზმის, მეწარმეობის სფეროში (Kociper et al., 2015), სლოვენიაში ტურიზმის ექსპერტების გამოკითხვის შედეგად მიღებული კვლევის თანახმად, ყველაზე გავრცელებული სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც აერთიანებს სოფლის კულტურულ და ბუნებრივ მახასიათებლებს, არის: 1. განთავსება (ტურისტული მეურენობები, ოთახების გაქირავება, აპარტამენტები); 2. კვება (კვების სერვისები, ტრადიციული კერძები, გასტრონომიული ვორკშოპი); 3. სოფლის მეურნეობის პროდუქტების (ხორცი, ბოსტნეული, ხილი, თაფლი, ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, ზეთი) წარმოება, გადამუშავება, დეგუსტაცია და რეალიზაცია; 4. სპორტული აქტივობის ორგანიზება და აღჭურვილობის გაქირავება (ლაშქრობა, ველოსიპედები, თხილამურებით სრიალი, თევზაობა, წყლის სპორტი,  ვორქშოფებისა და კურსების ჩათვლით); 5. ტურისტული შუამავლები (ექსკურსიების, მოგზაურობის, ტურისტული ღონისძიებების ორგანიზება, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, ტრადიციული არქიტექტურა, ღვინის ტურები, ისტორიული მარშრუტები, არქეოლოგია); 6. კულტურული აქტივობის შეთავაზება (ეთნოლოგიური კოლექციები, ღონისძიებები, სასოფლო აქტივობაში ტურისტების მონაწილეობა); 7. სოფლის მეურნეობის საწარმოებში ექსკურსია (აგროტურისტული ფერმების დათვალიერება, ტრადიციული ხელნაკეთობები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში მონაწილეობა); 8. პროდუქციის, სუვენირების წარმოება და რეალიზაცია (მათ შორის კულინარია - ჰერბალიზმი).

სოფლის არეალების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მიკრო საწარმოების ჩამოყალიბება და მხარდაჭერა (თანადაფინანსების პროგრამები) (Khokhobaia, 2019). სოფლად სამეწარმეო აქტივობის გაძლიერება  ადგილობრივ რეზიდენტებს საშუალებას აძლევს შეიძინონ ახალი ცოდნა და უნარები, ერთი მხრივ, თანამედროვე ტექნოლოგიებიდან, ხოლო მეორე მხრივ, მარკეტინგის, მართვის, ინტერპერსონალური უნარების თვალსაზრისით, რაც გადამწყვეტია სერვისის მიწოდებისას. ამ კონტექსტით, მნიშვნელოვანია   ახალგაზრდების მიგრაციის შემცირებაზე ზრუნვაც         (Piša & Hruška, 2019).უნდა აღინიშნოს, რომ სოფლები სულ უფრო მეტად იზიდავს ადამიანებს რომლებსაც სურთ ცხოვრების სტილის შეცვლა. სოფლის ტურიზმის მიმწოდებლები ხშირ შემთხვევაში ახორციელებენ ძველის განახლებას, ეს შესაძლებელია იყოს მიტოვებული ადგილი (რესტორნისთვის, მუზეუმისთვის, საინფორმაციო ცენტრისთვის). შესაბამისად, ტურისტულ შეთავაზებას შეუძლია ხელი შეუწყოს დავიწყებული ან მიტოვებული მემკვიდრეობის სხვადასხვა ფორმის (ხელოსნობა, კულტურული ღონისძიებები ...) აღორძინებას. როგორც  გამოცდილება გვიჩვენებს, სოფლის ტურიზმს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მეწარმეთა გენდერულ თანაფარდობაშიც. ტურიზმის ყველა ფორმის სინერგია სოფლად, წარმატებული დივერსიფიკაცია ეფექტიანად აისახება ტურიზმის მდგრადობაზე (Loureiro, 2014).

ხორვატიასადასლოვენიაშიევროკავშირმა დააფინანსა პროექტები, რომლითაც  რეაბილიტაციადარეკონსტრუქცია ჩაუტარდა ადგილობრივ ფერმებს,  შედეგად  ისინიგახდნენწარმატებული ტურისტული მეურნეობები და მოახდინეს ბუნებაში უნიკალური საცხენოსნო ტურების ორგანიზება და პროგრამები, მშვილდოსნობა, ღვინის, ყველის და ამ რეგიონის სხვა გასტრონომიული დელიკატესების დაგემოვნება,  ასევე, ზეთისხილის, ყურძნის, ასკილის კრეფაში მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ რომ სლოვენიის ტერიტორიის თითქმის ნახევარი დაკარსტულია. ამრიგად, სლოვენია გლობალურად ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კარსტული ქვეყანა, სადაც კარსტული ფენომენი ასევე მეცნიერულად პირველად იქნა აღწერილი. ბუნებრივი ჰაბიტატის დასაცავად და ამავე დროს, კარსტული სამყაროს ტურისტული განვითარების მიზნით, სლოვენიამ 1986 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა  მღვიმე  - Škocjan Caves. გარდა ამისა, სლოვენია შეუერთდა Natura 2000- ს, ეკოლოგიურად მნიშვნელოვანი ბუნების ტერიტორიების პანევროპულ ქსელს. იგი შეიქმნა ცხოველთა და მცენარეთა სახეობების და მათი ჰაბიტატების  გადაშენების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული ტერიტორიები ერთად ქმნის ქსელს, რომელიც მნიშვნელოვანია სახეობების შესაბამისი სტატუსის შენარჩუნების თვალსაზრისით. ეს იცავს ყველაზე მეტად საფრთხის ქვეშ მყოფი სლოვენიის სოფლის ტერიტორიებს, რომლებიც ასევე მოიცავს კარსტულ გამოქვაბულებს. დღეს სლოვენიის კარსტული მღვიმეები აქტიურად გამოიყენება ტურისტული ვიზიტებისთვის. მნიშვნელოვანი გამოქვაბულების (Postojna Cave, ockocjan Caves) შეთავაზების ფარგლებში ასევე შეიქმნა საგანმანათლებლო ცენტრები, მუზეუმების კოლექციები და სასწავლო ბილიკები, ველო ბილიკები და საგამოფენო სარეკლამო ცენტრები. კარსტული მღვიმის -  Postojna Cave  გვერდით აშენდა თანამედროვე ოთხვარსკვლავიანი სასტუმროც, სადაც ტურისტების გადაჰყავთ მატარებელით. 

თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სასოფლო ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარების თვალსაზრისით. ამრიგად, ევროკავშირში ოპერაცია – „ინტერაქტიული ტურიზმი ყველასათვის“ - ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარების სახელმძღვანელო პრინციპების საპასუხოდგააქტიურდა. ვინაიდან, სლოვენიაში ხელმისაწვდომი ტურიზმი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ახალი ტურისტული პროდუქტების შესაქმნელად, რომელიც განკუთვნილი იქნება შეზღუდული მობილობის მქონე ადამიანებისთვის, მოწყვლადი ჯგუფებისთვის და მოხუცებისთვის, ყრუ, ბრმა, მხედველობაშეზღუდული ან სხვა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების გამო, ისინი ასევე საინტერესო იქნება სხვა სტუმრებისა და ტურისტებისთვის. ოპერაციაში ხელმისაწვდომობის კონცეფცია ეხება: 1.სპეციალური საჭიროების მქონე პირთა ხელმისაწვდომობის გაზრდას თანამედროვე ვირტუალური რეალობის და აუდიო სისტემების დახმარებით, რომელიც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ადაპტაციას.  ამ ტექნოლოგიების საშუალებით ისინი შეძლებენ  დაათვალიერონ ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობები, რომლებზეც სხვაგვარად წვდომა არ გვექნებოდა; 2. საფრთხის ქვეშ მყოფი ან დაცული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობა. დაცული ტურსიტული ადგილების გაციფრულება და ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების გამოყენება საშუალებას გვაძლევს დავათვალიეროთ ეს ღირსშესანიშნაობები და ამავე დროს შევინარჩუნოთ ისინი მომავალი თაობებისთვის (Razvoj podeželja, 2020). 

 

დასკვნები და რეკომენდაციები

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რაჭაში ტურიზმის კლასტერის პრიზმით დარგის განხილვით შესაძლებელია ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების მრავალი მიმართულების გამოვლენა. მთის კანონისა და დაცული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობის გონივრულად გამოყენების საფუძველზე შესაძლებელია რაჭიდან წასული მოსახლეობის მამა-პაპისეულ ფუძეზე დაბრუნება. 

რაჭის მაღალი ვერტიკალური ზონალობა იმდენად უნიკალურია, რომ ტურიზმის მრავალი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ეს ფაქტორი განაპირობებს ვიზიტორთათვის ტურიზმის რამდენიმე სახეობის პაკეტებად შეთავაზების საშუალებასაც, რაც სინერგიული ეფექტის მატარებელია. 

მნიშვნელოვანია აგრარულ რეგიონებში ტურიზმის განვითარების ევროკავშირისეული გამოცდილების გაზიარება – მათთან მჭირდო კავშირი, მითუმეტეს, რომ ა.წ. ივნისში ევროკავშირის ელჩი ეწვია რაჭას და განაცხადა, რომ უახლოეს წლებში რაჭის  განვითარებას ევროკავშირი განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს. 

რაჭაში ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარებისა და ეკონომიკის სხვა სფეროების გააქტიურებისთვის, ვფიქრობთ, აუცილებელია:

  • ამბროლაურის პროფესიული სასწავლებლისა და ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, ასევე სხვა მცირე მუზეუმების ბაზაზე ჩამოყალიბდეს სპეციალური კურსები/ჯგუფები რაჭის ეთნოგრაფიის შესასწავლად და ბუნებასთან რაციონალური დამოკიდებულების მივიწყებული ჩვევების ასაღორძინებლად;

  •  მურადის კარსტული მღვიმის მოწყობა სანახაობითი სპელეო-ტურიზმის ორგანიზებისთვის და სლოვენიური “Osmica in the Karst” გამოცდილების შესწავლა. ის მომდინარეობს ძველი ტრადიციიდან, როდესაც კარ-მიდამოდან ღვინისა და საკვები პროდუქტების პირდაპირი გაყიდვა გადასახადის გარეშე ხდებოდა წელიწადში ერთხელ  8 დღის განმავლობაში. თანამედროვე  Osmica (რვა) მორიგეობით 8-8 დღით გრძელდება წელიწადში 2-ჯერ სხვადასხვა ფერმის ორგანიზებით. ისინი სტუმრებს უმასპინძლდებიან ღვინით და კარსტული კერძებით. ეს ერთგვარი დღესასწაულია ხელნაკეთი ნივთების გაყიდვითა და ფოლკლორული მუსიკალური გაფორმებით დასრულებული. მათი ამოცნობა შესაძლებელია ხის საგზაო ნიშნებზე დაკიდებული სუროს ტოტის საშუალებით, რომელიც სწორედ 8 დღის მანძილზე ინარჩუნებს სიმწვანეს; 

  • სლოვენიაში არსებობს კარსული კვლევების ეროვნული ინსტიტუტი, სადაც სწავლება უმაღლესი განათლების ყველა საფეხურს მოიცავს და გაიცემა დოქტორის ხარისხი. კარგი იქნება მათთან სამეცნიერო კავშირების გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება; 

  • კარსტული მღვიმეები მტკნარი წყლის რესურსია, რომელიც შეიძლება ჩამოისხას ბოთლებში,  ასევე, მღვიმიდან გამდინარე წყლებით მოხდეს სატბორე-საკალმახე მეურნეობების ორგანიზება, ხოლო თავად მღვიმეებში არსებული მუდმივი დაბალი ტემპერატურისა და საკმაოდ მაღალი შეფარდებითი სინოტივის (საშუალოდ 85%) გამო, შესაძლებელია მინიმალური დანახარჯებით სოკოს სამრეწველო წარმოება (ასანიძე, 2017, 100-101); 

  • განხორციელდეს/აღდგეს შოვისა და უწერის მინერალური წყლის სამრეწველო ჩამოსხმა, ჩატარდეს კვლევები პარფიუმერიის, პირადი და საყოფაცხოვრებო ჰიგიენის ბიოპროდუქტების დასამზადებლად რაჭაში უხვად არსებულ სამკურნალო მცენარეებთან ერთად (Gagnidze and Maisuradze, 2016, 39). ეს განსაკუთრებით მაღალი ეკონომიკური ეფექტის მომცემი იქნება და ადგილობრივ მოსახლეობას მთელი წლის მანძილზე დაასაქმებს;

  • ღვინის, გასტრონომიული და მაღალფასიანი სეგმენტის გამაჯანსაღებელი  ტურიზმით დაინტერესებული ბიზნესები აუცილებლად უნდა გაერთიანდნენ ხორბლის ადგილობრივი ჯიშების ასაღორძინებლად. მითუმეტეს, რომ რაჭაში გამოუყენებელი  სახნავ-სათესი ფართობები, სამწუხაროდ, მრავლადაა;

  • აღდგეს მაღალხარისხიანი კერამიკისა და უნიკალური რძისფერი კრამიტის წარმოება, რომელთა გამოყენება შესაძლებელია როგორც სუვენირების, ასევე, ადგილობრივი მარნებისა თუ სასტუმროების მშენებლობა/გაფორმებაში;

  • განხორციელდეს სამეცნიერო კვლევები ტურიზმის ყველა ზემოთგანხილული მიმართულების გასავითარებლად.

  • ორივე მუნიციპალიტეტს აქვს მაღალი ხარისხის სუვენირების წარმოების რესურსი არამარტო რაჭისთვის.

დასასრულ, აღვნიშნავთ, რომ სამეცნიერო სტატიის ფორმატით რაჭის ტურისტული პოტენციალის შეფასება სრულყოფილად ვერ განხორციელდებოდა. აქ შევეცადეთ გამოგვევლინა, ასე ვთქვათ – უპირველესად გადასაჭრელი საკითხები და მოკლედ ჩამოგვეყალიბინა  სათანადო ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ ივლისის თვეში რაჭას ესტუმრა ევროკავშირის ელჩი და აღნიშნა, რომ უახლოეს წლებში რაჭა ევროკავშირის განსაკუთრებული ხელშეწყობის მხარე გახდება, ამიტომ, სტატიაში ჩამოყალიბებული მოსაზრებები შესაძლებელია გახდეს მრავალი საინტერესო პროექტის საფუძველი. 

ლიტერატურა:

 

  • ასანიძე ლ.  (2017). რაჭის კირქვული მასივის სპელეო-გეომორფოლოგიური კვლევა სადოქტორო დისერტაცია, თსუ, თბილისი. https://www.tsu.ge/data/file_db/faculty_zust_sabunebismetk/lasha%20asanidze%20phd.pdf /ბოლო ნახვა 11 ივლისი, 2021/

  • ბოჭორიძე გ. (1994). რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. გამომც. „მეცნიერება“, თბილისი.

  • ბუზუკაშვილი მ. (2015). რა აკავშირებს ნათანიელ როტშილდსა და ალფრედ ნობელს ონის სინაგოგასთან, „კვირის პალიტრა“, 07.12.2015.  https://www.kvirispalitra.ge/public/27621-ra-akavshirebs-nathaniel-rotshildsa-da-alfred-nobels-onis-sinagogasthan.html/ბოლო ნახვა 11 ივლისი, 2021/.

  • გაგნიძე ი. (2012). ქვეყნების კონკურენტუნარიანობა და კლასტერები: ისტორია და თანამედროვეობა, გამომც. „უნივერსალი“, 120 გვ., თბ., ISBN 978-9941-17-637-1  http://eprints.tsu.ge/601/

  • გაგნიძე ი. (2011). ცოდნის სამკუთხედის მოდელის ფორმირების წინაპირობები რეკრეაციულ ტურიზმში საქართველოში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, „ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“, ბათუმი.

  • გეწაძე თ.  (2019). რაჭის ლანდშაფტთა მდგრადობა და მევენახეობის (ხვანჭკარა) განვითარების პერსპექტივები, სამაგისტრო ნაშრომი, თსუ, თბილისი. https://openscience.ge/bitstream/1/1565/1/MA%20Thesis%20Gewadze%20Tatia.pdf  /ბოლო ნახვა 11 ივლისი, 2021/.

  • ვაწაძე ი. (2019). სოფლის ტურიზმის რესურსული პოტენციალის გამოყენების პრიორიტეტული მიმართულებები რაჭაში, ტურიზმის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია, თსუ, თბილისი. https://www.tsu.ge/assets/media/files/48/disertaciebi4/Ineza_Vatsadze.pdf /ბოლო ნახვა 11 ივლისი, 2021/.

  • მაკალათია ს. (1987) მთის რაჭა, მეორე გამოცემა, გამომც. „ნაკადული“, თბ., გვ.104  

  • მეტრეველი რ. (2013). რაჭა. გამომც. „არტანუჯი“, თბ. ISBN: 978-9941-445-15-6.

  • ფრუიძე ლ. (1986) რაჭა ეთნოგრაფის თვალით, გამომც. „მეცნიერება“, თბილისი. 

  • ფხალაძე თ. (2019). ძველი ეგვიპტელები და პროტოქართველები - საოცარი პარალელები, 2019 წლის 9 იანვარი, http://intermedia.ge /ბოლო ნახვა 11 ივლისი, 2021/.

  • Gagnidze I. and Maisuradze N. (2016) ‘Systemic Effects of International Educational and Scientific links. Proposals for the Development of Educational and Scientific National System in Georgia’, Int. J. Markets and Business Systems, Vol. 2, No. 1. https://doi.org/10.1504/IJMABS.2016.078102

  • Iammarino S., Rodríguez-Pose A., & Storper M. (2017). Why Regional Development Matters for Europe’s Economic Future. European Commission Directorate General for Regional and Urban Policy Working Paper, 7.

  • Khokhobaia M. (2019). The Role of Small and Medium Size Enterprises in Regional Tourism Development: the case of Georgia, International Conference on Business, Management and Economics, Conference Proceedings, Vienna, Austria.

  • Khokhobaia M. (2018). Transdisciplinary Research for Sustainable Tourism Development, Journal of International Management Studies, JIMS, Vol. 18, No 2, ISSN:1930- 6105.

  • Khokhobaia M. (2016). From Rational Policy of Tourism Development to the Effective Policy (Case of Georgia), International Academy of Business and Economics, California Business Review, Vol. 4, No. 1.

  • Khokhobaia M. (2015). Tourism Policy Challenges in Post-Soviet Georgia, International Conference on Economics, Business and Marketing Management.

  • Kociper T., Planinc, S., Sedmak, G., Planinc, T., & Brezovec, A. (2015). Opredelitev turističnega podjetništva na podeželju. Sedmak, G., Jurdana, S. D., Kociper, T., Planinc, T. (Eds). Spodbujanje ruralnega turizma (Promotion of rural tourism). Koper, Opatija: University of Primorska & Faculty of tourism and hospitality management, Opatija.

  • Loureiro S. M. C. (2014). The role of the rural tourism experience economy in place attachment and behavioral intentions. International Journal of Hospitality Management, 40, 1-9.

  • Píša J., & Hruška, V. (2019). Entrepreneurial in-migration and rural development in Czechia: A challenge of integrating the local and extra-local in rural planning. Geographia Polonica, 92(3).

  • Pollermann K., Aubert F., Berriet-Solliec M., Laidin C., Lépicier D., Pham H. V. ... & Schnaut G. (2020). LEADER as a European policy for rural development in a multilevel governance framework: A comparison of the implementation in France, Germany and Italy. European Countryside, 12(2).

  • Porter M.E. (1998). Clusters and the New Economics of Competition. From the Magazine (November-December 1998).  Harvard Business Review.

  •       https://hbr.org/1998/11/clusters-and-the-new-economics-of-competition /ბოლო ნახვა 11 ივლისი, 2021/.

  • Razvoj podeželja (2020). Interactive tourism for all. Retrieved from http://www.razvoj-podezelja.si/index.php/sl/projekti/projekti-v-izvajanju/interaktivni-turizem-za-vse

  • „ბლაუენშტაინმა“ ონში ევროპული სტანდარტების მეღორეობის ფერმა გახსნა https://www.entrepreneur.com/article/376235?fbclid=IwAR0yIm0cf7kjGoCV907-xqDqBL2nFxa-pvOJ6kevcVfl70s9q_RcbqWe1Fs /ბოლო ნახვა 11 ივლისი, 2021/.

  • ოსმიკა“ სლოვენიაში - https://www.visitkras.info/en/plan-your-stay/events/osmica-in-the-karst-2021?fbclid=IwAR2RG4M58yC2N6_vdBafTMqqSTsEXawOV4WH-bmlTH40BTXSJazSDEIpjPI /ბოლო ნახვა 11 ივლისი, 2021/.

  • სლოვენიის კარსტული კვლევების  ეროვნული ინსტიტუტი https://izrk.zrc-sazu.si/#v /ბოლო ნახვა 11 ივლისი, 2021/.

  • საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო https://wine.gov.ge/ /ბოლო ნახვა 11 ივლისი, 2021/.

 

References:

 

  • Asanidze L. (2017) rachis kirqvuli masivis speleo-geomorpologiuri kvleva  [Speleo-Geomorphological Study of Racha Limestone Massif. PhD thesis. TSU, Tbilisi.] in Georgian.

        https://www.tsu.ge/data/file_db/faculty_zust_sabunebismetk/lasha%20asanidze%20phd.pdf     /Last seen 11.07.2021/.

  • Bochoridze G. (1994) racha-lechkhumis istoriuli dzeglebi da sidzveleebi. [Historical monuments and antiquities of Racha-Lechkhumi. Publishing House “Metsniereba”, Tb.   pp. 512] in Georgian.

  • Buzukashvili M. (2015) ra akavshirebs nataniel rotshildsa da alpred nobels onis sinagogastan? [What connects Nathaniel Rothschild and Alfred Nobel to the Oni Synagogue. “Kviris Palitra” 07.12.2015.] in Georgian.https://www.kvirispalitra.ge/public/27621-ra-akavshirebs-nathaniel-rotshildsa-da-alfred-nobels-onis-sinagogasthan.html /Last seen 11.07.2021/.

  • Gagnidze I. (2012) qveknebis konkurentunarianoba da klasterebi: istoria da tanamedroveoba   [Country competitiveness and clusters: history and nowadays. Publishing House “Universali”, Tb.]in Georgian. ISBN 978-9941-17-637-1  http://eprints.tsu.ge/601/

  • Gagnidze I. (2011) tsodnis samkutkhedis modelis pormirebis tsinapirobebi rekreatsiul turizmshi sakartveloshi [Prerequisites for the Formation of Knowledge Triangle in Recreational Tourism in Georgia. Second International Scientific-Practical Conference “TOURISM: ECONOMICS AND BUSINESS”. Batumi, Georgia] in Georgian.

  • Getsadze T. (2019) rachis landshaptta mdgradoba da mevenakheobis (khvanchkara) ganvitarebis perspektivebi.[Sustainability of Racha landscapes and viticulture (Khvanchkara) Development Perspectives. Master thesis, TSU. Tb.] in Georgian. https://openscience.ge/bitstream/1/1565/1/MA%20Thesis%20Gewadze%20Tatia.pdf   /Last seen 11.07.2021/.

  • Vatsadze I. (2019) soplis turizmis resursuli potentsialis gamoqenebis prioritetuli mimartulebebi rachashi   [Priority Trends in Usage of Potential for Rural Tourism Resource in Racha. PhD thesis. TSU, Tb.] in Georgian. https://www.tsu.ge/assets/media/files/48/disertaciebi4/Ineza_Vatsadze.pdf  /Last seen 11.07.2021/.

  • Makalatia S. (1987) mtis racha.[Mountain Racha. Second Edition. Publishing House “Nakaduli”. Tbilisi, Georgia.]  in Georgian.

  • Metreveli R. (2013) racha. [Racha. Publishing House “Artanuji”, Tb. ISBN: 978-9941-445-15-6] in Georgian.

  • Pruidze L. (1986) racha etnograpis tvalit.[Racha through the eyes of an ethnographer. Publishing House “Metsniereba”, Tbilisi, Georgia] in Georgian.

  • Pkhaladze T. (2019) dzveli egviptelebi da protokartvelebi - saotsari paralelebi[Ancient Egyptians and Proto-Georgians - Amazing Parallels. 09.01.2019.] in Georgian. http://intermedia.ge  /Last seen 11.07.2021/.

  • Gagnidze I., Maisuradze N. (2016) “Systemic effects of international educational and scientific links. Proposals for the development of educational and scientific national system in Georgia”, Int. J. Markets and Business Systems, Vol. 2, No. 1. https://doi.org/10.1504/IJMABS.2016.078102

  • Iammarino, S., Rodríguez-Pose A., & Storper M. (2017). Why regional development matters for Europe’s economic future. European Commission Directorate General for Regional and Urban Policy Working Paper, 7.

  • Khokhobaia M. (2019). The Role of Small and Medium Size Enterprises in Regional Tourism Development: the case of Georgia, International Conference on Business, Management and Economics, Conference Proceedings, Vienna, Austria.

  • Khokhobaia M. (2018). Transdisciplinary Research for Sustainable Tourism Development, Journal of International Management Studies, JIMS, Vol. 18, No 2, ISSN:1930- 6105.

  • Khokhobaia M. (2016). From Rational Policy of Tourism Development to the Effective Policy (Case of Georgia), International Academy of Business and Economics, California Business Review, Vol. 4, No. 1.

  • Khokhobaia M. (2015). Tourism Policy Challenges in Post-Soviet Georgia, International Conference on Economics, Business and Marketing Management.

  • Kociper, T., Planinc, S., Sedmak, G., Planinc, T., & Brezovec, A. (2015). Opredelitev turističnega podjetništva na podeželju. Sedmak, G., Jurdana, S. D., Kociper, T., Planinc, T. (Eds). Spodbujanje ruralnega turizma (Promotion of rural tourism). Koper, Opatija: University of Primorska & Faculty of tourism and hospitality management, Opatija.

  • Loureiro, S. M. C. (2014). The role of the rural tourism experience economy in place attachment and behavioral intentions. International Journal of Hospitality Management, 40, 1-9.

  • Píša, J., & Hruška, V. (2019). Entrepreneurial in-migration and rural development in Czechia: A challenge of integrating the local and extra-local in rural planning. Geographia Polonica, 92(3).

  • Pollermann, K., Aubert, F., Berriet-Solliec, M., Laidin, C., Lépicier, D., Pham, H. V., ... & Schnaut, G. (2020). LEADER as a European policy for rural development in a multilevel governance framework: A comparison of the implementation in France, Germany and Italy. European Countryside, 12(2).

  • Porter, M.E. (1998). Clusters and the New Economics of Competition. From the Magazine (November-December 1998).  Harvard Business Review.

  •       https://hbr.org/1998/11/clusters-and-the-new-economics-of-competition /Last seen 11.07.2021/

  • Razvoj podeželja (2020). Interactive tourism for all. Retrieved from http://www.razvoj-podezelja.si/index.php/sl/projekti/projekti-v-izvajanju/interaktivni-turizem-za-vse

  • „blauenshtainma“ onshi evropuli st’andartebis meghoreobis perma gakhsna [“Blauenstein" opened a pig farm of European standards in Oni]  in Georgian.

  • https://www.entrepreneur.com/article/376235?fbclid=IwAR0yIm0cf7kjGoCV907-xqDqBL2nFxa-pvOJ6kevcVfl70s9q_RcbqWe1Fs  /Last seen 11.07.2021/.

  • Osmika in Slovenia. https://www.visitkras.info/en/plan-your-stay/events/osmica-in-the-karst-2021?fbclid=IwAR2RG4M58yC2N6_vdBafTMqqSTsEXawOV4WH-bmlTH40BTXSJazSDEIpjPI  /Last seen 11.07.2021/.

  • Top of Form

  • Karst Research Institute in Slovenia  https://izrk.zrc-sazu.si/#v  /Last seen 11.07.2021/

  • sakartvelos ghvinis erovnuli saagento [Wine National Agency of Georgia]. https://wine.gov.ge/  /Last seen 11.07.2021/.